NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. სტოლტენბერგის შეფასებით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვეტენიტეტს.
სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გადაწყვეტილება.
„ჩვენ ვისაუბრეთ NATO-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება. კერძოდ, არსებითი პაკეტის მეშვეობით.მივესალმები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თქვენ შეგიძლიათ, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას შიდა რეფორმებთან მიმართებით და დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ მივესალმე გადაწყვეტილებას უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაუქმების შესახებ, რომელიც შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან.
ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, წარმატებული ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებულია ევროატლანტიკურ რეგიონში. NATO კვლავაც იქნება თქვენი პარტნიორი, რადგან თქვენ ამ მისწრაფებების ასრულებაზე მუშაობთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მან ასევე ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და გაიხსენა უკრაინაში მისი ვიზიტიც.
„ჩვენ დღეს ასევე ვსაუბრობთ რუსულ აგრესიასა და უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო. NATO დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ხასიათის, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოსა და ქართველ ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის. უკრაინა მხარს უჭერს თავისი თავდაცვის უფლებას გაეროს წესდების მიხედვით. ჩვენ ველით, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.