NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ საქართველო შიდა რეფორმების მიმართ ძალისხმევას გააორმაგებს და დემოკრატიის სტანდარტებს დაიცავს. იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. სტოლტენბერგის შეფასებით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვეტენიტეტს.
„ჩვენ ვისაუბრეთ NATO-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება. კერძოდ, არსებითი პაკეტის მეშვეობით.მივესალმები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თქვენ შეგიძლიათ, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას შიდა რეფორმებთან მიმართებით და დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ მივესალმე გადაწყვეტილებას უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაუქმების შესახებ, რომელიც შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან.
ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, კეთილდღეობის მქონე ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებულია ევროატლანტიკურ რეგიონში. NATO განაგრძობს საქართველოსთან პარტნიორობას ამ მისწრაფებების ასრულების პროცესში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.