პრეზიდენტი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს შეხვდა. ინორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მინისტრისაგან მოისმინა ინფორმაცია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობისა და სამინისტროს სამოქმედო გეგმების შესახებ.

25 აპრილს სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.


ვიდრე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს ყველა სხვა სერვისი მიეწოდებათ. ამის შესახებ 26 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ აქონდროპლაზიასა და მედიკამენტ “ვოსორიტიდის” თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ხელისუფლებამ ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. პირველი, იშვიათ დაავადებებზე მათ საბჭო შექმნეს, რომელსაც ხელმისაწვდომი მონაცემების ანალიზი და კლინიკურ გამოყენებაზე და კომპენსაციაზე გადაწყვეტილების მიღება ევალება.

მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ის, რომ მთავრობამ [მედიკამენტის] მწარმოებელთან მოლაპარაკებების ინიცირება მოახდინა, მაგრამ ეს კონფიდენციალური მოლაპარაკებებია, ამიტომ არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ის, რა შედეგი ექნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მოლაპარაკებები ინიცირებულია.

პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი შეიძლება იყოს, მაგრამ ხელისუფლება, საბჭო და ექსპერტები არ აპირებენ მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ლოდინს. დღეს მოვისმინეთ, რომ ექსპერტებმა უკვე დაიწყეს ასეთი მკურნალობისთვის კლინიკურ პროტოკოლზე მუშაობა.

ვიდრე პროტოკოლი და გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, სამინისტრომ, მთავრობამ, პარლამენტმა ვალდებულება აიღო, რომ ამ ბავშვებს ყველა სხვა საჭირო სერვისი მიეწოდებათ. ეს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სხვა პროცედურებსაც ეხება, მათ შორის სხვა ქვეყნებში- ევროკავშირში, აშშ-ში, იაპონიაში. მაგალითად, ქირურგიულ პროცედურებს, ჰორმონალურ პროცედურებს.

გადაწყდა, რომ ბავშვები კომპლექსურად იქნებიან გამოკვლეული და მათ ამ გართულებებისთვის პროცედურებს შესთავაზებენ”, - განაცხადა დომენტემ.


ცნობისთვისსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი მშობლები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის წამლის შემოტანას ითხოვენ.

აქონდროპლაზია ყველაზე გავრცელებული ფორმაა სკელეტური დისპლაზიისა [ძვლოვანი სტრუქტურის ზრდის შეფერხება, ანომალიური განვითარება].

იგი 40000-ში ერთ ახალშობილს უდგინდება და ხასიათდება კიდურების ზრდის შეფერხებით და იწვევს ხერხემლისა და თავის ქალის ანომალიურ განვითარებას.