უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩერნობილის კატასტროფის წლისთავზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს რაფაელ გროსის რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხელოვნურად შექმნილ კატასტროფის საფრთხეზე ესაუბრა.
ზელენსკის შეფასებით, რადიაცია ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია, სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს და მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
„ჩერნობილის კატასტროფის წლისთავი ზუსტად ის დღეა, როდესაც ღირს მსოფლიოში ყველას შევახსენოთ, თუ რამდენად მყიფეა ჩვენი უსაფრთხოება. მითუმეტეს, როცა წელიწადზე მეტია, ყოველდღე და ყოველ წუთს არსებობს რუსეთის მიერ ხელოვნურად შექმნილი რადიაციული კატასტროფის საფრთხე ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.
მხოლოდ უკრაინის სრულ კონტროლს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეუძლია აღადგინოს სრული უსაფრთხოება არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ ევროპაში, მთელ მსოფლიოში. რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს ისე, როგორც რუსეთის ფედერაცია და მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.