WP: რუსეთი კიდევ ერთი წლით შეძლებს ომის დაფინანსებას

პენტაგონის საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით, ამერიკული მედია წერს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული უპრეცედენტოდ მძიმე საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსეთს აქვს საკმარისი საშუალებები ომის სულ მცირე, კიდევ ერთი წლით დასაფინანსებლად.

Washington Post-ი წერს. რომ ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი სანქციებით გამოწვეულ ეკონომიკურ ზეწოლასთან გასამკლავებლად სულ უფრო მეტად ეყრდნობა კორპორაციული გადასახადების მატებას, სტაბილიზაციის ფონდს, იმპორტის გაზრდას და ახალ პირობებთან ბიზნესის ადაპტირებას.

დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბიზნესელიტაში ყველა არ იზიარებს უკრაინის მიმართ კრემლის კურსს და საერთაშორისო სანქციების გამო ზარალს განიცდიან, პუტინის მხარდაჭერაზე უარს ვერ იტყვიან.

Washington Post-ი ექსპერტთა შეფასებებს ეყრდნობა და წერს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ეფექტიანობა განისაზღვრება ფაქტორების გაცილებით რთული ერთობლიობით, ვიდრე დაზვერვის ანგარიშშია მოყვანილი. მათ შორის, დოკუმენტი არ მოიცავს სანქციების ბოლო პაკეტების ეფექტიანობის და რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესების პოტენციური შედეგების შეფასებას.

შეგახსენებთ, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო, ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ 13 აპრილს ეროვნული გვარდიის 21 წლის თანამშრომელი ჯეკ ტეიშეირი დააკავა.