ეკონომიკური დანაშაულისთვის მსჯავრდადებული პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკა ნოვოპოლოცკის კოლონიიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბაბარიკა კოლონიაში თოთხმეტწლიან სასჯელს იხდის.
მისი დიაგნოზი და მდგომარეობა უცნობია. ბაბარიკას თანამოაზრეები არ გამორიცხავენ, რომ ის ნაცემი იყოს.
„მეგობრებო, გუშინ გავრცელდა ჭორები, რომ ვიქტარ ბაბარიკა ნოვოპოლოცკის საავადმყოფოშია. ჩვენ შევძელით ამ ინფორმაციის დადასტურება", - ნათქვამია პოლიტიკოსის გუნდის ტელეგრამის არხზე. რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს ბაბარიკას ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია ქალაქის საავადმყოფომ დაუდასტურა.
უფრო ადრე, ოპოზიციურმა ტელეგრამის არხმა „მშრომელმა რუხმა", თავის წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 59 წლის ბაბარიკა საავადმყოფოში 24-25 აპრილის ღამეს გადაიყვანეს. ვარაუდობენ, რომ მას ცემის კვალი ეტყობოდა. "მდგომარეობა ზომიერი სიმძიმისაა, ცნობილია, რომ მას პნევმოთორაქსი აქვს. ის ცემის კვალით ჩამოიყვანეს, იგი ვერც კი იცნეს, ვიდრე განმცხადებლის გვარი არ დაინახეს“, - ნათქვამია ოპოზიციური არხის შეტყობინებაში. ეს ცნობა ოფიციალურად არ დადასტურებულა.
ვიქტარ ბაბარიკამ, ბელარუსში ცნობილმა ბანკირმა და მეცენატმა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ 2020 წლის 12 მაისს განაცხადა. მანამდე სამი დღით ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა არჩევნების თარიღი - 2020 წლის 9 აგვისტო.
მაგრამ ბანკირმა და მეცენატმა ვერც მოასწრო პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირება. ის მაშინ დააკავეს, როცა თავის ვაჟთან, ედუარდთან, და სხვა მომხრეებთან ერთად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიდიოდა კანდიდატად რეგისტრირებისთვის. მას შემდეგ ვიქტარ ბაბარიკა კოლონიაში იხდის სასჯელს - მას 14 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. მისი ვაჟი, ედუარდ ბაბარიკა, რომელიც მამის საინიციატივო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ორი წელია იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. მისი სასამართლო ჯერაც არ დაწყებულა.