ერგნეთში თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში.
რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც წინ უძღოდა 27 აპრილს გამართულ შეხვედრას, იყო 21 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ მომხდარი ინციდენტი, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სცადეს საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება. მათ თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ჭვრინისის ინციდენტის თემამ დაძაბული და ვრცელი დისკუსია გამოიწვია.
„ამ აღმაშფოთებელ ფაქტს მიეცა უაღრესად მკაცრი შეფასება", - აღნიშნა ანთაძემ. როგორც ის ამბობს, აუცილებელია, მონაწილეები დეტალურად გაერკვნენ საქმის ვითარებაში და დამნაშავეებმა აგონ პასუხი, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეს მიაყენეს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება და მისი სიცოცხლე იყო რეალური საფრთხის ქვეშ. ანთაძემ დაამატა, რომ საქმის არსში გარკვევა და სავარაუდო დამნაშავეების დასჯის მოთხოვნა პირდაპირ გულისხმობს, რომ საჭიროა მათი იდენტიფიცირება.
„რა თქმა უნდა, მიჭირს საუბარი, ეს რა შედეგს გამოიღებს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ეს გავაჟღერეთ და, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივდევთ ამ საქმეს ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ და აღნიშნა, რომ დასჯის მოთხოვნის დაყენების საპასუხოდ, „რეაქცია არ ყოფილა, კომენტარისგან თავი შეიკავეს".
მისივე ინფორმაციით, ერგნეთში შეხვედრა დაიწყო ტექნიკური საკითხით, რომელზეც განიხილეს მომავალი საირიგაციო სეზონისთვის მზადება. ამ მიმართულებით, როგორც ანთაძე ამბობს, ყველაფერი იქნება ისე, როგორსაც წინა წლების პოზიტიური გამოცდილება გვკარნახობს.
რაც შეეხება თავად IPRM-ის შეხვედრას, როგორც ანთაძე აცხადებს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მთავარი საკითხია უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის საკუთარ სახლებში დაბრუნება.
„დავინტერესდით მათი პერსპექტივით, რა პერსპექტივას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში. გაჟღერდა გარკვეული სიგნალები, რაც შესაძლებელია განვითარდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით. მე ოჯახებს გავუზიარებ ამ ინფორმაციას. თუმცა, რა თქმა უნდა, ვიდრე ყველაფერი არ იქნება გაზიარებული ურთიერთობის არსებული ოფიციალური არხების მეშვეობით, მანამდე მე ვერ გავამხელ ვერცერთ დეტალს. ეს არის მხოლოდ სიგნალი და პერსპექტივა“, - ამბობს ირაკლი ანთაძე.
9 მაისისთვის ოკუპირებულ ცხინვალის ციხეში მყოფი ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მამუკა ჩხიკვაძის შესაძლო „შეწყალებაზე“, ირაკლი ანთაძე ამბობს:
„ძალიან ბევრი ხმა მუსირებს ორივე მხარეს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ვიდრე ყველაფერი არ დადასტურდება კომუნიკაციების ოფიციალური არხებით, მანამდე ამაზე შეფასების გაკეთება არ მიმაჩნია სწორად“.
დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ტრადიციულად აყენებენ ჩორჩანის საგუშაგოს გაუქმებისა და ე.წ. საზღვართან დაკავშირებულ საკითხებს.
„ცხინვალელმა მონაწილეებმა კვლავ წამოაყენეს ჩორჩანის საკითხი - მათ გააჟღერეს ჩვეული პოზიცია. დარტყმის მთავარი ობიექტი არის ჩვენი პოლიციის სტანდარტული საგუშაგო, რომელმაც შეუძლებელია, რაიმე საფრთხე შეუქმნას ვინმეს, საკუთარი ბუნებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე. ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცადეთ ჩვენი გზავნილების მათთან მიტანას. სამწუხაროდ, დივერგენციები ამ მიმართულებაზე არის ძალიან დიდი ჩვენს შორის. ეს არის ჩვენთვის დამატებითი სტიმული, რომ შეხვედრიდან შეხვედრამდე გზავნილები მათდამი მივიტანოთ. დარწმუნებული ვართ, რომ რაღაც პერიოდში ჩვენი პოზიციების დაახლოება მოხერხდება ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა სუს-ის წარმომადგენელმა.
რაც შეეხება ე.წ. საზღვარს, ანთაძე აცხადებს: „ყველა შეხვედრაზე არის მცდელობა, რომ წინ წამოიწიოს აღნიშნული საკითხი, მაგრამ ამაზე არსებობს მხოლოდ ერთადერთი პასუხი - IPRM-ი არის დეპოლიტიზებული მექანიზმი და არ შეესაბამება მის მანდატს მის შეხვედრაზე პოლიტიკური დატვირთვის საკითხების განხილვა. შესაბამისად, ე.წ. საზღვრის ე.წ. დემარკაციასა და ე.წ. დელიმიტაციის დისკუსიაში ვერავისთან ვერ შევალთ. მით უმეტეს, ჩვენ არ ვაღიარებთ არანაირ საზღვარს“.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. გადასასვლელებზე შეზღუდვის მოხსნის საკითხს აყენებს.
„ვადის გახანგრძლივების საკითხი ჩვენ დავაყენეთ. ზოგადად, ჩვენ დავაყენეთ საკითხი და ამას ყოველ შეხვედრაზე ვაყენებთ, რომ მოიხსნას ყოველი ხელოვნური შეზღუდვა თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით ან, როგორც მინიმუმ, გახანგრძლივდეს იმ დღეების რაოდენობა, რომელიც დღეის მდგომარეობით შეადგენს ათ დღეს. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი მათ ჩვენთვის არ გაუციათ, მაგრამ საკითხი ღიაა და ეს აუცილებლად დადგება ყველა შეხვედრაზე“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
2008 წლის ომის შემდეგ ისინი დღეს 112-ედ შეიკრიბნენ. 21 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი გაათავისუფლეს.