ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მისი გადაწყვეტილებით გაიგზავნა „როსგვარდიის“ რესპუბლიკურ სამმართველოში შემავალი პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატ 1“. ქვედანაყოფის მცირე აღლუმისა და გამგზავრების კადრების ამსახველი ვიდეო ჩეჩნეთის ლიდერის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.
დანაყოფის რაოდენობა არ არის ცნობილი, ვიდეოზე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი 250-ზე მეტი ადამიანი არ იმყოფება. კადიროვის თქმით, „ომონი“ ომში იგზავნება იმისათვის, რათა ბრძოლის ველზე ჩაანაცვლოს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მონაწილე სხვა ქვედანაყოფი. ამასთან სპეცრაზმ „ახმატ-1-ის" ზოგიერთი მებრძოლი უკვე მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
სპეცდანიშნულების დანაყოფი ჩეჩნეთში შეიქმნა 2022 წლის სექტემბერში, „როსგვარდიის“ დირექტორატის ნავთობისა და გაზის ობიექტების დაცვის პოლიციის პოლკის რეორგანიზაციის შემდეგ. სახელმწიფო სააგენტო "გროზნო-ინფორმის" ინფორმაციით, ქვედანაყოფი 2 000 ადამიანზეა გათვლილი. „ახმატ-1-ის" მეთაურად რამზან კადიროვთან დაახლოებული ზაურბეკ რაშაევი დაინიშნა.
საიტ „კავკაზ.რეალიის“ რედაქციისთვის უკვე ცნობილია უკრაინაში სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატ-1-ის" 26 მებრძოლის დაღუპვის შესახებ. ერთ-ერთი დაღუპულის, ელი ზავრაევის, მემორიალური დაფა რესპუბლიკის ნადტერეჩნის რაიონის სკოლაშია აღმართული. უკრაინაში ომში კადიროველი „თავისი ხალხის რელიგიურ, კულტურულ და ტრადიციულ ფასეულობებს იცავდა“, - ამტკიცებენ ზავრაევისადმი მიძღვნილ ადგილობრივ რეპორტაჟებში. ამ „დამსახურებებისადმი“ ელი ზავრაევი, სიკვდილის შემდგომ, მამაცობის ორდენით დაჯილდოვდა.