Reuters: აშშ-მ სანქციები დაუწესა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს, ФСБ-სა და ირანის რევოლუციური გვარდიის დაზვერვის განყოფილებას

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს და ФСБ-ს, ასევე, ირანის რევოლუციური გვარდიის დაზვერვის განყოფილებას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეერთებულმა შტატები მათ ადანაშაულებს თანამონაწილეობაში ამერიკელების უკანონო დაკავებაში საზღვარგარეთ.

ჟურნალისტებთან ანონიმურობის პირობით საუბრისას, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს, აჩვენოს, რომ შედეგები მოჰყვება მათთვის, ვინც შეეცდება, გამოიყენოს აშშ-ის მოქალაქეები პოლიტიკური ბერკეტებისთვის ან დათმობების ძიებისთვის ვაშინგტონისგან.

როგორც ცნობილია, რუსეთში დააკავეს Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. ასევე, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი, რომელსაც 2020 წელს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ასევე ჯაშუშობისთვის.

აშშ-ის მოქალაქეები სიამაკ ნამაზი, ემად შარგი და მორად ტაჰბაზი კი ირანის ცნობილ ევინის ციხეში იმყოფებიან. ამ ციხეში წამების ფაქტების არსებობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახალი სანქციები ოფიციალურად გამოაცხადა და რუსეთსა და ირანს აშშ-ის მოქალაქეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„დღეს - და ყოველდღე - ჩვენი გზავნილი რუსეთის, ირანისა და მსოფლიოს მიმართ, რომლებსაც მძევლად აჰყავთ ან უკანონოდ აკავებენ ამერიკელებს, მიუღებელია. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ისინი“, - განაცხადა ბაიდენმა