ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. განცხადება, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა Twitter-ის პირად გვერდზე გაავრცელა.
„დღეს საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა თორმეტი წლით და ექვსი თვით გააგრძელა. ევროკავშირი მოითხოვს გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
2020 წლის 11 ივლისს მისი უკანონო დაკავების შემდეგ, ევროკავშირი მის მყისიერ გათავისუფლებას დაჟინებით მოითხოვს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით და ერგნეთის ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.
ამ კონტექსტში, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ასევე ახსენებს მისი პასუხისმგებლობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაგრძობს ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების მოგვარებას, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი.