სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ უკრაინის თავისუფლებისა და ხალხის დასაცავად

კორეელმა ხალხმა განიცადა შეიარაღებული ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერით, რასაც უკრაინელები ახლა განიცდიან, ამიტომ კორეის რესპუბლიკა მხარს დაუჭერს უკრაინას და მის ძალისხმევას ომის შემდეგ აღსადგენად.

ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში გამოსვლისას განაცხადა.

„უკრაინის წინააღმდეგ ომი საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ეს არის სტატუს კვოს ძალის გამოყენებით ცალმხრივად შეცვლის მცდელობა. კორეა მკაცრად გმობს უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ შეიარაღებულ თავდასხმას", - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

„ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ უკრაინის თავისუფლებისა და ხალხის დასაცავად და აღდგენის მცდელობებს მხარს ვუჭერთ“, - ხაზგასმით აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.