აღიარებულია, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ჩვენ გვსურს, რომ ეს მომავალი კონკრეტული გახდეს. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო და ვფიქრობ, რომ ეს არის ისტორიული შესაძლებლობა. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კატრინ კოლონას თქმით, აუცილებელია წინსვლა.
მისი თქმით, შემდეგი ეტაპისთვის საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება და რეფორმები, რომლებიც იცავს ევროპულ ღირებულებებს.
„მინისტრმა მომაწოდა ინფორმაცია იმ წინსვლაზე, რომელიც საკანონმდებლო სფეროში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, გზა არის გასავლელი და ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესები, ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ“, - განაცხადა კოლონამ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი 28 აპრილს დაიწყო.
მან შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.
ფრანგული მხარის ცნობით, კოლონა მხარდაჭერას გამოხატავს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც არის არსებითი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის.
საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთში იმყოფებოდა.