საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უკვე შვიდი საათია დიდთოვლობის გამო, გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანას ცდილობენ.
ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები კიდევ 5 ავტომობილს და მის მგზავრებს ეხმარებიან გზის გაგრძელებაში. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე მყოფი ავტომობილები ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას.
ადგილზე მისული სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ საბუქსირე საშუალებით დახმარება გაეწია 8 ავტომობილს, რომლებმაც უკვე გააგრძელეს სვლა. 2 ავტომობილის მგზავრები სამაშველო ჯგუფმა უახლოეს სასტუმროში გადაიყვანა.