ოლექსი რეზნიკოვი: დანიის მიერ მოწოდებული CAESAR-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები უკვე უკრაინაშია

დანიის მიერ მიწოდებული CAESAR-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები უკვე უკრაინაშია.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი მადლობას უხდის დანიელ ერს, მათ თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგ პარტნიორებს, ვინაიდან თვითმავალი ჰაუბიცები ფრანგული წარმოებისაა.

„დანია ამ სისტემების გამოყენებას საკუთარი არმიისთვის გეგმავდა, მაგრამ ბრძნულად და კეთილშობილურად გადაწყვიტა ისინი უკრაინული არმიისთვის გადაეცა იმ მნიშვნელოვანი საფრთხის გამო, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია წარმოადგენს მთლიანად ევროპისთვის", - წერს რეზნიკოვი.


მისივე თქმით, დანია უკრაინელი სამხედროების წვრთნაშიც მონაწილეობს.

„ჩვენმა არტილერისტებმა ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ამ სისტემების მანევრირებას და სიზუსტეს. საფრანგეთსა და დანიაში ჩვენი პარტნიორების წყალობით უკრაინას CAESAR-ის მსოფლიოში მეორე საარტილერიო პარკი ჰყავს“, - წერს ოლექსი რეზნიკოვი.

ცნობისთვის, იანვარში დანიამ უკრაინისთვის საარტილერიო სისტემა CAESAR-ის ყველა 19 ერთეულის გადაცემა გადაწყვიტა, რომელიც აქამდე საფრანგეთისგან შეიძინა.