ვალდებული ვართ, ქვეყანა ომში არ შევიდეს, ქაოსი არ იყოს და საქართველო პატარა პაიკი არ გახდეს - მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის გეგმაა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. 

„ასეთი ჯაჭვია მათი გეგმის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს და ამას მოჰყვეს არეულობა, ქაოსი, ამის შემდეგ ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ, თუ მიუსწრებენ და ომი არ დამთავრდება მათი გათვლით, ომში ჩაერთონ და ეს ქვეყანა გაწირონ სხვისი ინტერესებისთვის, ეს არის მათი გეგმა.

ხალხის ინტერესების დასაცავად, მათი ინტერესების გასატარებლად არის ხელისუფლება არჩეული, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ყველა ვალდებული ვართ, რომ ხალხის ინტერესი დავიცვათ - ქვეყანა ომში არ შევიდეს, ქაოსი არ იყოს და ეს ქვეყანა ერთ-ერთი მოთამაშე, პატარა პაიკი არ გახდეს, რომელსაც ადვილად გაწირავენ. ეს არც ერთ ვარიანტში არ უნდა დავუშვებთ. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი მოცემულობა. ამ მოცემულობას და გამოწვევებს ვუმკლავდებით და მომავალშიც გავუმკლავდებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.