საოლქო კომისიაში ერთი საჩივარია შესული - ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას ინფორმაციით, საოლქო კომისიაში ერთი საჩივარია შესული.

„ამ დროისთვის ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულია ერთი საჩივარი და ეს არის „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი, რომელშიც კონკრეტულად მითითებული არის, რომ ამომრჩეველმა ბიულეტენი ვერ მოათავსა ხმის დამთვლელ აპარატში და მას დაეხმარა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი. საოლქო კომისია განიხილავს ამ საჩივარს შესაბამის ვადებში.

რაც შეეხება უბნებზე ვითარებას, 06:45 საათზე ყველა უბანი იყო გახსნილი, ყველა პროცედურა, რაც დაკავშირებული იყო წილისყრის პროცედურებთან, ჩატარდა კანონის დაცვით, ხოლო რაც შეეხება ელექტრონულ ტექნოლოგიებს, იყო მცირედი ტექნიკური ხარვეზები, თუმცა ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია შედეგებზე ამ დროისთვის და ჩვეულებრივად, ყველა საარჩევნო უბანზე პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში”, – განაცხადა სალომე როდონაიამ.