ირაკლი კობახიძე არჩევნებზე: მმართველმა ძალამ შედეგები გააუმჯობესა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, მმართველმა ძალამ შუალედურ არჩევნებზე ყველა ოლქში გააუმჯობესა 2021 წლის არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგები. ირაკლი კობახიძემ არჩევნებში გამარჯვებულ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ეს იყო არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ელექტრონული წესით და ეს იყო პირველი მასშტაბური ტესტი, რომელიც გაიარა ახალმა სისტემამ, რომელიც დაინერგა ახალი საარჩევნო კოდექსის საარჩევნო რეფორმის ფარგლებში და ეს ტესტი მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სათანადო ხარისხით“, - განაცხადა კობახიძემ.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა, დაფიქსირდა მაღალი აქტივობა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ" გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები.

კერძოდ, ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 27 ათასზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 23 ათასი ხმა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 11 500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 9000 ხმა. ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 4500 ხმა, როდესაც 2021 წლის არჩევნების შედეგი იყო 3200 ხმა. ქუთაისში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 5 300-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 3600 ხმა. ტყიბულში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღებთ 1300-ზე ნაკლები ხმა. გურჯაანში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1350 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1000 ხმა, ახალციხეში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 450-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 300 ხმა და ბოლოს, თიანეთში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 350 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 150 ხმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეგიონებში მიმდინარე შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებზე, 17:00 საათის მდგომარეობით, 45 285-მა ამომრჩეველმა (24.47%) უკვე დააფიქსირა არჩევანი. ამასთან, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ ცაგერში დაფიქსირდა, რაც შეადგენს 41,4 %-ს.

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 165 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათისთვის შეწყდა.

რჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებული იყო შუალედური არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა - 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი.

არჩევნებს ასევე აკვირდებოდა საარჩევნო სუბიექტების 258 წარმომადგენელი, 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 457 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებდა 19 მედიაორგანიზაციის 353 წარმომადგენელი.