აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, იუსტიციის დეპარტამენტების და სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ასევე აშშ-ის კონგრესს წერილი გაუგზავნეს მკვლევრებმა, სვანტე ე. კორნელმა და სტივენ ფრედრიკ სტარმა, რომლებიც, საქართველოს, როგორც თავს უწოდებენ, დიდი ხნის მეგობრები არიან.
წერილის ავტორები წერენ, რომ დაკავშირებულნი არიან ამ ქვეყანასთან 1990-იანი წლებიდან, თანამშრომლობა ჰქონდათ საქართველოს სამ- ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ მთავრობასთან.
ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ მათ საქართველოს პოლიტიკაში არასოდეს არავის მხარე არ დაუკავებიათ არც ახლა უკავიათ. „ჩვენ თანმიმდევრულად ვუჭერდით მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, ევროპისკენ სწრაფვას და ევროატლანტიკურ სამყაროში ინტეგრაციას“.
წერილის ავტორები საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებენ იმ ზომების შესახებ, რომლებიც აშშ-მა უნდა განახორციელოს პოლიტიკის განვითარებისთვის იმ მიზნით, რომ შეჩერდეს საქართველოს შემობრუნება დასავლური კურსიდან და გამოსწორდეს ვითარება ქვეყანაში.
„მთავარი პრობლემა, რაც აშშ-ის მოქმედებას მოითხოვს, არის ის, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა, ოლიგარქმა, რომელმაც თავისი ქონება დააგროვა რუსეთში, სადაც დიდხანს ცხოვრობდა, სახელმწიფოში ძალაუფლება მიიტაცა და საქართველოს აბრუნებს ანტიდასავლური მიმართულებით მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხალხმა გამოხატა დასავლური ინტეგრაციის ნება. ამას შეიძლება მოჰყვეს შეუქცევადი შედეგები“ - წერენ კორნელი და სტარი. მათი აზრით, საქართველოს განვითარების ახლანდელი ტრაექტორია არამყარია და არის საფრთხე, რომ საქართველო ქაოსში აღმოჩნდეს, „რადგან უფსკრული ივანიშვილის ამბიციებსა და საქართველოს საზოგადოების ნებას შორის იზრდება“.
ამით, კორნელის და სტარის თანახმად, საფრთხე ექმნება ყველა წარმატებას, რომლებსაც საქართველომ მიაღწია ბოლო ორ ათწლეულში და ასევე აშშ-ის უმნიშვნელოვანეს ინტერესებს სტრატეგიულ რეგიონში, რომელიც ნატოს ტერიტორიას შუა აზიასთან აკავშირებს.
„მიმდინარე ომი უკრაინაში ძალიან მოიკოჭლებს, მაგრამ მოსკოვს კიდევ აქვს საქართველოში პოლიტიკური და სამხედრო ჩარევის შესაძლებლობები თუნდაც იმისთვის, რომ უკრაინაში ყველა წარუმატებლობისგან ყურადღება სხვაგან იქნეს გადატანილი. ეს მნიშვნელოვნად შეასუსტებს დასავლეთის მცდელობას, დააკავშიროს ევროპა აზიასთან და ახლო აღმოსავლეთთან რუსეთის გვერდის ავლით,“ - უზიარებენ წერილის ავტორები თავიანთ მოსაზრებას აშშ-ის ოფიციალურ პირებს და კონგრესს.
რა უნდა გააკეთოს აშშ-მ? - წერილის ასე დასათაურებულ ქვეთავში შვედი და ამერიკელი პოლიტოლოგები საკვანძო საკითხებს გამოყოფენ: 2024 წლის არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს; ყოფილი პრეზიდენტის, საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ბედი; ივანიშვილის ბატონობა ქართულ პოლიტიკაში; და საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
აშშ-მა უნდა მოითხოვოს სამართლიანი საარჩევნო პროცესი ახლა ისევე, როგორც ამას ადრე აკეთებდა. რაც შეეხება სააკაშვილს, კორნელი და სტარის ურჩევენ აშშ-ის ხელისუფლებას, უფრო აქტიურად მოითხოვოს ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანა ევროპის რომელიმე ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებაში და ეს მოთხოვნა აშშ-სა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობის პირობად წამოაყენოს.
აშშ-მ, როცა საქართველოს მთავრობის მიმართ ამ ზომებს მიმართავს, ამავე დროს მკაფიოდ უნდა დაანახოს საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას, რომ ის ურყევი მომხრეა საქართველოს სუვერენიტეტისა, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული მომავლისა.
როგორ უნდა გაატაროს აშშ-მა ეს პოლიტიკა? წერილის ავტორები ასე უპასუხებენ ამ შეკითხვას: „2003 წელს, საქართველოში საარჩევნო კრიზისის დროს, პრეზიდენტმა ბუშმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯეიმს ბეიკერი საქართველოში „პრეზიდენტის წარგზავნილად“ დანიშნა და მიავლინა თბილისში გამოუვალი სიტუაციის მოსაგვარებლად, რომელიც არჩევნების შემდეგ წარმოიქმნა. პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა დანიშნოს მაღალი რანგის ამერიკელი მოხელე და საქართველოში მიავლინოს ანალოგიური მისიით, თვლიან კორნელი და სტარი.
აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, იუსტიციის დეპარტამენტების და სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ასევე აშშ-ის კონგრესისთვის საქართველოს შესახებ წერილის ავტორების შესახებ: სვანტე ე. კორელი ავტორია ნაშრომებისა საქართველოს შესახებ, სეპარატიზმის გარშემო, ასევე ეთნოპოლიტიკური კონფლიქტებზე და 2009 წელს სტივენ ფრედრიკ სტართან ერთად დაწერა წიგნი: „2008 წლის აგვისტოს თოფები: რუსეთის ომი საქართველოში.“
სტივენ ფრედრიკ სტარი, რუსეთის და საბჭოთა კავშირის საკითხებში აშშ-ის სამი პრეზიდენტის მრჩეველი იყო. მან დააარსა და ხელმძღვანელობს შუა აზიის და კავკასიის ინსტიტუტს. სტარი რუსეთის და ევრაზიის თემატიკაზე გამოცემული 200-მდე სტატიისა და 20 წიგნის ავტორი რედაქტორია.