რა წერია საქართველოზე ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში

4 ნოემბერს, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა, ევროკავშირის გაფართოების პაკეტი წარადგინა, რომელიც საქართველოს შესახებ ანგარიშსაც მოიცავს.


ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უვიზო მიმოსვლის მხრივ გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა და, პირიქით, უკან დაიხია. ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ განახორციელა მაკორექტირებელი ქმედებები, პირიქით, კიდევ უფრო შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები შემოიღო, რომლების ეწინააღმდეგება ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ საქართველოს ვალდებულებებს. 


ანგარიშის თანახმად, პრემიერ-მინისტრის 2024 წლის ნოემბრის განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და 2025–2028 წლების სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტებს.


ანგარიშში მმართველობასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ უკანასკნელმა საკანონმდებლო და ინსტიტუციურმა ცვლილებებმა კიდევ უფრო ცენტრალიზებული გახდა გადაწყვეტილების მიღებისა და მარეგულირებელი ფუნქციები სამთავრობო ადმინისტრაციის საკვანძო სფეროებში, მათ შორის, საჯარო მმართველობაში, სასამართლო სისტემასა და უსაფრთხოების სფეროში.



ანგარიშის თანახმად, იმ ფონზე, რომ საქართველო კვლავ არღვევს კრიტერიუმებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ მინიჭებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საფუძველში დევს, ევროკომისიამ, 2026 წლის 6 მარტიდან, 12-თვიანი საწყისი ვადით აამოქმედა ვიზების შეჩერების გადასინჯული მექანიზმი და სწორედ აღნიშნული ზომის პირველი ფაზა ეხება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს.


“2025 წლის დეკემბერის ვიზების შეჩერების მექანიზმის (VSM) მე-8 ანგარიშში აღინიშნა, რომ საქართველომ თითქმის არცერთი რეკომენდაცია არ შეასრულა, რომლებიც მე-7 ანგარიშში იყო გაცემული. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მან კიდევ უფრო უკან დაიწია, კონკრეტულად კი მმართველობისა და კანონის უზენაესობის კრიტიკულად მნიშვნელოვან კრიტერიუმებში, რაც უვიზო მიმოსვლის მიცემის საფუძველს წარმოადგენს.


საქართველოს მოქალაქეები 2017 წლის მარტიდან სარგებლობენ შენგენის სივრცეში უვიზო მოგზაურობით. ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება 2011 წლიდანაა ძალაში. ვიზალიბერალიზაციის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში, ევროკომისია რეგულარულად აფასებს ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს რეფორმების იმპლემენტაციაში, რომლებიც სავიზო საგზაო რუკის ფარგლებშია წარმოდგენილი. ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მე-7 და მე-8 ანგარიშებში, რომლებიც 2024 დეკემბერში და 2025 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, ევროკომისიამ საქართველოს მოუწოდა, დაუყოვნებლივ იმოქმედოს მისი რეკომენდაციების შესასრულებლად, კერძოდ იმის, რაც ეხება ფუნდამენტურ უფლებებს, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.


2025 წლის ივლისში ფორმალური მოკვლევის შემდეგ, ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ განახორციელა მაკორექტირებელი ქმედებები და, პირიქით, კიდევ უფრო შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები შემოიღო, რომლებიც ეწინააღმდეგება ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ საქართველოს ვალდებულებებს. იმის ფონზე, რომ საქართველო კვლავ არღვევს კრიტერიუმებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ მინიჭებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საფუძველში დევს, ევროკომისიამ, 2026 წლის 6 მარტიდან, 12-თვიანი საწყისი ვადით აამოქმედა ვიზების შეჩერების გადასინჯული მექანიზმი. ამ ზომის პირველი ფაზა ეხება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც ფაქტობრივად აუქმებს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში მათ უვიზო მიმოსვლას.


საქართველოსთან გაფართოებულ დიალოგს ადგილი ჰქონდა 2026 წლის ივნისში, შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორების მიზნით. გაფართოებულმა დიალოგმა არ მოიტანა პროგრესი ევროკომისიის იმ შეშფოთებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა,” - ნათქვამია ანგარიშში.



სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობასთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებისა და დაშინების ტაქტიკების ერთობლივმა გავლენამ შეასუსტა სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული ფუნქცია, რითაც საფრთხე შეექმნა მის დამოუკიდებლობას, მდგრადობასა და საქართველოში დემოკრატიის უფრო ფართო საფუძვლებს. დოკუმენტის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დემოკრატიული მაკონტროლებლის როლი კომპრომეტირებულია და ორგანიზაციები და უფლებადამცველები მზარდი საფრთხის წინაშე დგანან.


ამასთანავე, ანგარიშში წერია, რომ შეშფოთებას იწვევს ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, მათ შორის ისეთი ბრალდებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი გამოძიებების წარმოება, როგორებიცაა „საბოტაჟი“, „უცხოური ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“, „კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება“ და „სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენება.“ ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სერიოზულად შერყეულია - დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული სასჯელები აჩენს ეჭვს, რომ რეპრესიების მიზნით სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენება.


ხსენებულ ანგარიშს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება „კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მზაობას ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ევროკავშირთან ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის.“


„მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას,“ - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.