მედიაში გავრცელებული ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის ინტერვიუ, რომ მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველია, - გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ.
„ველოდებით, თვითონ პროკურატურა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმიტომ, რომ ის განცხადება და ინფორმაცია, რაც გამომძიებლის მიერ გავრცელდა, ობიექტურის და სამართლიანი სისტემის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდებოდა საქმის განახლება.
დაველოდებით დღევანდელ დღეს. თუ პროკურატურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ იქნება, მერე უკვე ჩვენ თვითონ მივმართავთ. დღეს თუ არ იქნა, ხვალ ჩვენ უკვე მივმართავთ და არა მარტო პროკურატურას, არამედ მთელ საერთაშორისო ორგანიზაციებს და აბსოლუტურად ყველას. რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში თავიდანვე ვამბობდით, როგორ გაყალბებას ჰქონდა ადგილი და რას ჩადიოდნენ საგამოძიებო ორგანოები, სისტემის ერთ-ერთმა გამომძიებელმა დაადასტურა,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა "ინტერპრესნიუსთან".
ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.