შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, განახლებული მობილური აპლიკაცია და ვიდეორგოლი წარადგინა.
ღონისძიებაზე პრეზენტაციის სახით, დეტალურად წარმოადგინეს ინფორმაცია „112"-ის მობილურ აპლიკაციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.
განახლების ფარგლებში, ჩანართში - „რჩევები“ დაემატა ინფორმაცია ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ: რა არის ადრეული ქორწინება; როგორ ხდება მისი სამართლებრივი რეგულირება და როგორ ისჯება სამართალდამრღვევი.
„112"-ის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც.
გარდა ამისა, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის აპლიკაციიდან "112"-თან დაკავშირება უკვე ვიდეოზარის მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში ამ გზით შესულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები მართავენ.
ღონისძიების დასასრულს, „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
ღონისძიება "112"-ის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - "გენდერული თანასწორობისთვის" - ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.