საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, IRI-ის კვლევის ედრთადერთი მიზანი იყო ვირტუალური რეალობის შექმნა და ოპოზიციის მოტივირება.
„ამ კვლევის ერთადერთი მიზანი იყო დაბნეულობის შეტანა საზოგადოებაში. ეს არის პროპაგანდის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რათა კრახი, რომელიც დადასტურდა 29 აპრილის არჩევნებით, კრახი, რომელიც განიცადა ოპოზიციამ, შეიფუთოს, თითქოს რაღაც სხვა რეალობა არსებობს.
ერთია ვირტუალური რეალობა, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ ე.წ. კვლევაში და მეორეა რეალური რეალობა, ის, რაც არის ჩვენი მოსახლეობის რეალური განწყობა და ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ შედეგები, არამედ ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ ვერცკი გაბედა, კანდიდატები დაეყენებინა.
სხვა გამართლება, ახსნა არ აქვს, რომ მათ კანდიდატები არ დააყენეს, მაგალითად, ცაგერში ან თერჯოლაში მერის კანდიდატურები. თუ ისინი საუბრობენ, რომ წალენჯიხაში წარმატებულად უძღვება ოპოზიციონერი მერი ადგილობრივ თვითმმართველობას, დაემტკიცებინათ ეს ცაგერშიც და თერჯოლაშიც. გარდა ამისა, ახლა თავადვე ამბობენ, რომ აკლიათ ხმები პარლამენტში და ნანობენ, რომ სია აქვთ ჩახსნილი, დაეყენებინათ კანდიდატურა ფოთში და აეღოთ ერთი დამატებითი მანდატი. ხომ ამბობენ და ამ კვლევასაც ხომ იმის თქმა უნდოდა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, საქმე იმაშია, რომ ყველამ კარგად იცის რეალობა – ე.წ. კვლევის ავტორებმაც და ოპოზიციამაც.
რეალობა არის, რაც ვნახეთ 29 აპრილს. იმ არჩევნებში, რომელიც გადამწყვეტი არ იყო, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებისგან განსხვავებით, რომელიც რეალურად იყო საპარლამენტო არჩევნების დონის არჩევნები, რადგან იქ იდგა 43-პროცენტიანი ბარიერის საკითხი, თუ გახსოვთ, ადგილობრივი თემები საერთოდ არ განიხილებოდა, ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკური თემები იყო წამოყენებული, რეფერენდუმადაც კი განიხილავდნენ იმ არჩევნებს, ახლა, როცა რიგ შემთხვევებში კანდიდატის კონკურენტიც არ იყო, უფრო მეტი ამომრჩეველი მივიდა, უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. რატომ? იმიტომ, რომ მთავარი მოტივაცია იყო, დემონსტრაციულად, ქართველმა ხალხმა როგორც შიგნით, ისე გარეთ დაანახა ყველას, ვინც ცდილობს, გამიჯნოს ქართველი ხალხი ქართული ხელისუფლებისგან, დაანახა ამ ადამიანებს, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ არანაირი რეიტინგი გაზრდილი არ არის, პირიქით, ვხედავთ, რომ ყველანაირად არის დემოტივირებული ზოგადად ოპოზიციაც. IRI-ის კვლევის ერთადერთი მიზანი იყო ვირტუალური რეალობის შექმნა და ოპოზიციის მოტივირება, რეალობასთან ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.