საქართველში ვიზიტით გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან

30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, საქართველოს ვიზიტით გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, უცხოელ დიპლომატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა. არაფორმალურ გარემოში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს თანამშრომლობაზე როგორც გაეროსთან, ისე ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან.

ელჩების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან.

შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველოში სახელმწიფო მმართველობის სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ეკონომიკური მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

გარდა ამისა, დიპლომატები მოინახულებენ წეროვანში არსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისს ეწვევიან, სადაც გაეცნობიან ადგილზე არსებულ ვითარებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ელჩები ასევე გაემგზავრებიან ბათუმში, სადაც გაიმართება შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან.


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. ხაზი გაესვა საერთო ინტერესების საფუძველზე თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტარციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გლობალური პარტნიორობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საუბარი შეეხო ეფექტიანი რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, აგრეთვე გამოითქვა სხვადასხვა სფეროში წარმატებული და საერთაშორისოდ აღიარებული ქართული რეფორმების გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველო უკვე რამდენიმე წელია მასპინძლობს. ელჩების ვიზიტის მიზანია ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბენინის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი მარკ ჰერმან გნინადოუ არაბა, კომოროს მუდმივი წარმომადგენელი ისიმაილ ჩანფი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი ჟორჟ ნზონგოლა ნტალაჯა, დომინიკის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი ხოსე ალფონსო ბლანკო კონდე, ლიბიის მუდმივი წარმომადგენელი თაჰერ ელსონი, სენტ-ლუსიის მუდმივი წარმომადგენელი მენისა მარსელ რამბალი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დავით ბაქრაძე.