ენტონი ბლინკენი: დიალოგი არის გასაღები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართა. სამმხრივ შეხვედრამდე ბლინკენმა მირზოიანთან და ბაირამოვთან შეხვედრები ცალკე-ცალკე გამართა.

ენტონი ბლინკენმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად დიალოგი უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენს ახალ შენობაში ჯორჯ პ. შულცის საგარეო საქმეთა ეროვნულ სასწავლო ცენტრში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად სამშვიდობო მოლაპარაკებებს ვმასპინძლობთ. დიალოგი არის გასაღები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - დაწერა ბლინკენმა Twitter-ზე.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღის წესრიგში იყო უსაფრთხოების და სომხეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხები. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ განხილული იყო რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარების პროცესი და აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის დაბლოკვით შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია.

23 აპრილს, აზერბაიჯანმა ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა ლაჩინის გზის დასაწყისში. ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღთან სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.