პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარჩინ პშიდაჩმა განაცხადა, რომ თუ გერმანიის მთავრობა პოლონეთისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის გამო რეპარაციების გადახდას დათანხმდება, რეპარაციები შეიძლება, პოლონეთმა რუსეთისგანაც მოითხოვოს.
პოლონეთის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის გასული წლის ოქტომბერში გერმანიისგან 6.2 ტრილიონი ზლოტი (დაახლოებით 1.3 ტრილიონი დოლარი) მოითხოვა.
„ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია, ბერლინთან დიალოგის დაწყება, მაგრამ პუტინთან - სულ სხვა ცივილიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ წარმატებას მივაღწევთ გერმანიასთან, შემდეგი ნაბიჯი შეიძლება, იყოს მსგავსი მოლაპარაკებების დაწყება სხვა მჩაგვრელთან“, - განაცხადა მარჩინ პშიდაჩმა.