უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევში გაშვებული ყველა კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Ukrinform-ის ცნობით, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ განაცხადა.
„მტერმა კიდევ ერთხელ შეუტია უკრაინის დედაქალაქს ჰაერიდან. მესამე სროლა ბოლო ექვსი დღის განმავლობაში! ამჯერად კიევს თავს დაესხნენ მხოლოდ დრონები. წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა, როგორც ყოველთვის, ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. მტრის ტაქტიკა რჩება ტრადიციული და უცვლელი“, - წერს ოფიციალური პირი Telegram-ზე.
მანამდე, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდეს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, სერჰი ბრატჩუკის ინფორმაციით, კიევისა და ოდესისა ოლქებში და ქალაქ დნეპრში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა. მისი თქმით, ზაპოროჟიეს ოლქში S-300 ტიპის რაკეტებით დარტყმა დაფიქსირდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა და ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
განახლება - უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, წუხანდელი შეტევისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ირანული წამოების 26 უპილოტო საფრენი აპარატი (Shahed-136/131) გამოიყენეს და მათგან 21 უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ე.წ. კამიკაძე-დრონებით შეტევა განახორციელა ჩრდილოეთიდან, ბრიანსკის ოლქიდან და აზოვის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან.