NDI-ის კვლევა: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები კვლავ მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირთან ახლო პოლიტიკურ (54 პროცენტი) და ეკონომიკურ (52 პროცენტი) თანამშრომლობას.

თუმცა, ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკმარისს არ აკეთებს.

„NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოქალაქეების ურყევი ნებაა. საქართველოს მოსახლეობის ასეთი მისწრაფება სტიმული უნდა გახდეს პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერებისთვის, რათა მათ მოქალაქეების საჭიროებების საპასუხოდ იმოქმედონ“ - აცხადებს ალან გილამი, NDI საქართველოს დირექტორი. მისი თქმით, „აუცილებელია, რომ მთავრობამ, პარლამენტმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ძალისხმევა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხების მოგვარებაზე მიმართონ, როგორიცაა: სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა.

ეს ქვეყანაში ინსტიტუტებისადმი ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის ნაცვლად, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობა და ამ გზით პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის აღდგენა, დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“.


უახლესი კვლევა ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობაზეც მიუთითებს.

მოქალაქეების 64 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ წარმოადგენს. აღნიშნული მოსაზრება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა შორისაც გამოიკვეთა: ქართული ოცნების მხარდამჭერთა 14 პროცენტი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა 36 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს 2 არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს.

პარტიების მიმართ სკეპტიკური განწყობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში გამოიკვეთა - მათგან მხოლოდ 15 პროცენტი ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მაინც ეხმიანება მათ ინტერესებს.

ამავე კვლევის თანახმად, უმრავლესობის აზრით, პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს. მოსახლეობის ნახევარი (49 პროცენტი) მიიჩნევს, რომ პარლამენტი არ იღებს კანონებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მეტიც, მხოლოდ მესამედი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს.

დაბოლოს, ყოველი მეორე მოქალაქე (51 პროცენტი) ამბობს, რომ არცერთ ქართულ ტელეარხს არ ენდობა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2019 წლის შემდეგ, როცა ეს მაჩვენებელი 20 პროცენტს შეადგენდა. კვლევის მონაცემები პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობის სურვილზეც მიუთითებს.


ეს დასტურია იმისა, რომ მოქალაქეებს პოლიტიკურ დისკურსში და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა სურთ. 2014 წელთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა (48 პროცენტიდან 56 პროცენტამდე) ვინც ფიქრობს, რომ ქალი და კაცი პოლიტიკოსები ერთნაირად წარმოადგენენ მათ ინტერესებს.

ახლა ნაკლები ადამიანი (მხოლოდ 16 პროცენტი) მიიჩნევს, რომ კაცი პოლიტიკოსები ქალებზე უკეთ წარმოადგენენ მოქალაქეების ინტერესებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ გადანაწილებას სულ უფრო მეტი ადამიანი ემხრობა.

„კვლევა ცხადყოფს, რომ მოქალაქეებს სურთ მეტი ქალის ხილვა არამხოლოდ პოლიტიკაში, არამედ გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პოზიციებზეც. ამ მონაცემებმა ბიძგი უნდა მისცეს პოლიტიკურ პარტიებს, რათა მოსახლეობის სურვილის საპასუხოდ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას შეუწყონ ხელი“, - განაცხადა ალან გილამმა.

 აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.