ჩინეთი აშშ-ს „ბოლო წლებში დაშვებული შეცდომების გამოსწორებისკენ“ მოუწოდებს

ჩინეთი აშშ-ს „ბოლო წლებში დაშვებული შეცდომების გამოსწორებისკენ“ მოუწოდებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბარში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორმა იან ჯიჩმა მოუწოდა ვაშინგტონს, გამოასწოროს ბოლო წლების შეცდომები.

„ჩინეთი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, გამოასწოროს გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშვებული შეცდომები, ითანამშრომლოს ჩინეთთან არაკონფლიქტური და არაკონფრონტაციული სულისკვეთებით, ურთიერთპატივისცემით და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობით, ყურადღება გაამახვილოს თანამშრომლობაზე, გადაიჭრას უთანხმოებები და ხელი შეუწყოს ჯანსაღ ურთიერთობებს“, - განაცხადა ჩინელმა პოლიტიკოსმა.

თავის მხრივ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა სატელეფონო ზარში ჩინეთის მთავარ დიპლომატს უთხრა, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ფასეულობებს.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს, რათა ჩინეთმა პასუხი აგოს მცდელობისთვის, რომელიც ტაივანის სრუტის გასწვრივ სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.

„დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის ურთიერთობამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიაღწია დაბალ ნიშნულს. ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოხატეს ფრთხილი ოპტიმიზმი, რომ ურთიერთობები ჯო ბაიდენის მმართველობით გაუმჯობესდებოდა“, - წერს Reuters-ი.

თუმცა ჩინელმა დიპლომატმა რამდენიმე დღის წინ ასევე მოუწოდა აშშ-ს, არ ჩაერიოს ჩინეთის შიდა საქმეებში. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მხარეებს შორის შეხვედრის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ამასთან, ჩინეთში ადამიანის უფლებების შესახებ კრიტიკა განუწყვეტლივ ისმის. ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი ჩინეთის თავდასხმას ადამიანის უფლებებზე, ინტელექტუალურ საკუთრებასა და გლობალურ მმართველობაზე კვლავ დაუპირისპირდება“, - წერ Reuters-ი.