განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - სააკაშვილი

ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს.

„როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი.

გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება.

დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი.

მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება”, - წერს სააკაშვილი.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.