Facebook-მა საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ყალბი ანგარიში და გვერდი წაშალა

Facebook-მა საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ყალბი ანგარიში და გვერდი წაშალა. ამის შესახებ Facebook-ის მფლობელი კომპანიის, Meta-ს კვარტალურ ანგარიშში წერია.

Meta-ს თანახმად, მათ 80 Facebook ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ის 2 ანგარიში წაშალეს, რომელიც „ფეიკ“ ანგარიშებით იმართებოდა და მათზე იყო დამოკიდებული. ასეთი ყალბი ანგარიშებიდან „დაპოსტვით“, „დალაიქებით“ და დაკომენტარებით, კონტენტი უფრო პოპულარული ჩანდა, ვიდრე რეალურად იყო.

ანგარიშის თანახმად, 138,000 ანგარიშს გამოწერილი ჰყავდა ერთი ან რამდენიმე ასეთი გვერდი, დაახლოებით 238,000 ანგარიში კი გაწევრიანებული იყო ერთ ან რამდენიმე ჯგუფში. 400 ანგარიშს კი გამოწერილი ყავდა ერთი ან მეტი ასეთი Instagram ანგარიში.

Facebook-სა და Instagram-ზე ამ ყალბი ანგარიშების, გვერდებისა და ჯგუფების რეკლამისთვის დაახლოებით 33,500 დოლარი იყო დახარჯული.

“ედ გვერდები და ჯგუფები ცდილობდნენ თავი წარმოეჩინათ, როგორც ადგილობრივ, დამოუკიდებელ და პროსამთავრობო ჯგუფებს. ქსელი ფუნქციონირებდა, რათა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი კონტენტი გაეძლიერებინა, მათ შორის, ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო მედიის ანგარიშების ხელახალი გაზიარებით.

ისინი ასევე ოპოზიციის კრიტიკას იზიარებდნენ, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტის შესახებ სახალხო პროტესტის დროს, რომელიც ახლა უკვე გაწვეულია”, - წერია ანგარიშში.