სკანდინავიის ქვეყნებმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ერთობლივი განცხადებით დაუჭირეს მხარი

უკრაინისა და ხუთი სკანდინავიური ქვეყნის ლიდერებმა ფინეთიდან, დანიიდან, ისლანდიიდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდან, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ჰელსინკში, სკანდინავიურ-უკრაინული სამიტის შემდეგ.

უკრაინული მედიის ცნობით, ერთობლივი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ლიდერებმა კიდევ ერთხელ ცალსახად დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომი. განაცხადეს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს მთელი თავისი სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.

სკანდინავიური ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას რამდენ ხანსაც საჭირო იქნება - ინდივიდუალურად, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობით ევროკავშირში, NATO-ში, გაეროსა და სხვა ფორმატებში.

2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში გაცემული სკანდინავიური სამხედრო დახმარების ეროვნული პაკეტების საერთო ღირებულება დაახლოებით 4,4 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს სამხედრო მხარდაჭერა გრძელდება, რადგან მზადდება ახალი პაკეტები, რომლებიც მუდმივად ითვალისწინებენ უკრაინის ყველაზე გადაუდებელ გადაუდებელ საჭიროებებს მისი თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. აშშ-ის ხელმძღვანელობით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი (ე.წ. რამშტეინის ჯგუფი) არის მნიშვნელოვანი საკოორდინაციო ფორუმი ამ საერთაშორისო ძალისხმევისთვის.


სკანდინავიური ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან ერთად, მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ომის შემდეგ უკრაინის აღდგენაში. 

NATO-ს ფარგლებში, ყველა სკანდინავიური ქვეყანა გააგრძელებს ფოკუსირებას უკრაინის დაუყოვნებლივ მხარდაჭერაზე, რაც ხელს უწყობს უკრაინისადმი ალიანსის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის არსებით ზრდას.

„უკრაინას უფლება აქვს, თავად აირჩიოს უსაფრთხოების ზომები. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი. უკრაინამ ოფიციალურად მოითხოვა NATO-ს წევრობის დაჩქარებული პროცედურა 2022 წლის სექტემბერში.

ალიანსის სკანდინავიელი წევრები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მომავალი წევრობის გზაზე. სკანდინავიის ქვეყნები მოუთმენლად ელიან ამ საკითხების განხილვას NATO-ს სამიტზე, ვილნიუსში, 2023 წლის ივლისში. სკანდინავიური ქვეყნები აგრძელებენ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ავტორები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრიბიან.

„უკრაინისა და მისი ხალხის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. ევროკავშირმა უკვე აღიარა უკრაინის ევროპული პერსპექტივა და უკრაინას მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ევროკავშირის სკანდინავიელი წევრები მტკიცედ დაუჭერენ მხარს უკრაინას მისი რეფორმების მცდელობებსა და მოთხოვნების შესრულებაში, რაც საჭიროა გაწევრიანების მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დასაწყებად, მოუთმენლად მოელიან კომისიის ანგარიშს 2023 წლის ბოლომდე. სკანდინავიური ქვეყნები აგრძელებენ მუშაობას უკრაინას დაუყოვნებელი სამოქალაქო დახმარების მდგრადი მაღალი დონის შესანარჩუნებლად, მათ შორის ევროკავშირის სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით“, - წერია განცხადებაში.