დრონებით შეტევის შესახებ რუსეთის კიდევ ორი რეგიონიდან იუწყებიან

რუსეთის როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხნის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განხორციელდა. ოლქის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის  ინფორმაციით, დრონი შეეჯახა ერთ-ერთ მშენებარე კონსტრუქციას. გუბერნატორის თანახმად, ხანძარი ლიკვიდირებულია, მსხვერპლი არ არის.

უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შესახებ ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევიც იტყობინება. მისი ინფორმაციით, დრონი დღეს დილით აღმოაჩინა და გაანადგურა საჰაერო თავდაცვის სისტემამ. მსხვერპლი და ნგრევა არ არის.

რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა. კრემლის მიერ კონტროლირებადი TASS-ი მომხდარს დრონებით თავდასხმას უკავშირებს.

გუბერნატორის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა ან დაღუპულა და მეხანძრეებმა ხანძარი ჩააქრეს.