საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელთან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფრომაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა, დიპლომატებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლებისა და სახლში უვნებლად დაბრუნების მიზნით მაქსიმალური მხარდაჭერა სთხოვა.
„შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო დონეზე დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტის, სტრასბურგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოყენების მნიშვნელობაზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტებზე პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საკითხის უმაღლეს დონეზე დასმის აუცილებლობაზე, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო დაკავებები და ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები.
დიპლომატებმა კიდევ ერთხელ ღრმა შეშფოთება გამოთქვეს ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს მოქალაქის პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.