რა მიზნით ეწვია საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია

გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი თბილისში იმყოფება და კოლეგებთან ერთად მართავს შეხვედრას. დელეგაცია თბილისში 2 მაისს ჩამოვიდა.

ჰაკერი მედიასთან ამბობს, რომ თბილისში გამართულ შეხვედრებზე დღის წესრიგშია 12 რეკომენდაცია და ის,  თუ რა პროგრესი მიიღწა ამ მიმართულებით.

„გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციით ვართ ჩამოსული თბილისში. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ 12 რეკომენდაციაზე და გვინდა, ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწიეს აქ, საქართველოში და გვინდა, დავეხმაროთ ყოველმხრივ, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული საზოგადოების წევრი. წელს, მოგვიანებით გადაწყვეტილება იქნება ბრიუსელისგან და ჩვენ აქ ვიმყოფებით, რომ ეს შევამოწმოთ. შეხვედრები გვაქვს პარლამენტისა და კომიტეტის თავმჯდომარეებთან, ასევე კოლეგებთან პარლამენტიდან“, – განაცხადა თომას ჰაკერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

გერმანელი პოლიტიკოსის თქმით, ასევე შეხვედრას გამართავენ იუსტიციის მინისტრთან და ამ შეხვედრაზე ნიკა გვარამიას საკითხზეც იქნება საუბარი. თომას ჰაკერი ამბობს, რომ არ მისცეს უფლება, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ტელეკომპანია„"მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია მოენახულებინა. როგორც მან ტელევიზიებისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, მიზეზად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები დასახელდა.

„შევხვდებით იუსტიციის მინისტრს რეფორმებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ მე არ მომცეს ნება, მომენახულებინა ციხეში ნიკა გვარამია და იუსტიციის მინისტრთან ამ საკითხზეც ვისაუბრებთ. ევროპარლამენტი და გერმანიის ბუნდესტაგი მის პატიმრობას უფრო პოლიტიკური მიზეზებით განპირობებულად განიხილავს, ვიდრე სხვა მიზეზების გამო და ეს მედიათავისუფლების ნაწილია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს პლურალისტური საზოგადოების, პლურალისტური სახელმწიფოსკენ გზაზე და მედიათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი საკითხია 12 რეკომენდაციიდან“, – განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრმა, თომას ჰაკერმა.


გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია საქართველოში 2 მაისს ჩამოვიდა. დელეგაციაში არიან კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), ომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის).

გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ, ბატონ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიასთან.

დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს.

პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.