მიხეილ სააკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია - ხაჭაპურიძე

ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გაუარესებულია.

„მიხეილ სააკაშვილმა მომიყვა იმ ფაქტის შესახებ, რაც მოხდა. მანახა მაგიდა, რომელზე ვფიქრობდი ზუსტად ის მაგიდაა. მაგიდას რკინის კონსტრუქცია აქვს. მანახა ადგილი, სადაც თავი დაარტყა, უმძიმეს მდგომარეობაშია. რაც მთავარია, მას არ უტარდება ის მკურნალობა, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს.

მას უტარდება სიმპტომური მკურნალობა, სასიცოცხლო პარამეტრები რომ შეინარჩუნონ და არ მოკვდეს. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ექიმებმა იციან, მაგრამ ექიმები არიან შეშინებულები და ამ ყველაფერს ხმამაღლა არ აცხადებენ. თუმცა, ბუნებრივია, დადგება დრო, როდესაც ეს ფაქტები, თუ რა ტიპის მკურნალობა როგორ უტარდება, გამოაშკარავდება", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.