ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს.
კერძოდ, დღეს საბჭომ მიიღო დახმარების ორი ზომა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად, ორი ქვეყნის თავდაცვის სექტორში ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გასაძლიერებლად.
ევროკავშირის ცნობით, საქართველოსთვის დამტკიცებული 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მოიცავს 36-თვიან პერიოდს. ამ თანხით დაფინანსდება საქართველოს თავდაცვითი ძალების დანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობა, მომარაგება და მომსახურება, მათ შორის ტექნიკური მომზადება მოთხოვნის შემთხვევაში. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საინჟინრო, სამეთაურო-საკონტროლო, სამედიცინო, ლოგისტიკურ და კიბერთადაცვით აღჭურვილობას.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ამ ახალი დახმარებით, ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მოდერნიზების მხარდაჭერას. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვის სექტორების გაძლიერებაში და ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის უნარების განვითარებაში. ეს არის ორივე ქვეყნისთვის ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში გამოყოფილი დახმარების მესამე პაკეტი, რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ“.
ევროკავშირის საბჭოს ცნობით, დახმარების ბოლო პაკეტი, წინა პაკეტებთან ერთად, ხელს შეუწყობს მოლდოვისა და საქართველოს ძალების ოპერატიული ეფექტურობის გაზრდას, დააჩქარებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და ურთიერთთავსებადობას შეუწყობს ხელს, შესაბამისად, უზრუნველყოფს მოქალაქეების უკეთეს დაცვას კრიზისებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს.
ასევე, დახმარების პაკეტის მიზანია მოლდოვისა და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება მესამე ქვეყნებში ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მათი მონაწილეობის კუთხით.
ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, დახმარება საქართველომ 2023 წლის 8 თებერვალს მოითხოვა. მანამდე, 2022 წლის დეკემბერში საბჭომ 20 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი, 2021 წლის დეკემბერში კი, 12,75 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტი დაამტკიცა. ანალოგიური მიზნებისთვის ევროკავშირის საბჭომ მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 40 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.