ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) ამერიკის ელჩის, მაიკლ კარპენტერის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მხარდაჭერას აგრძელებს. კარპენტერის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილსაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია სურს და ამას არაერთი კვლევა ადასტურებს.
„თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ იმ ბოლოდროინდელი ნაბიჯებით, რომლებიც ვნახეთ. მაგალითად, წარდგენა კანონმდებლობისა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უცხოელი აგენტის სტატუსს მიანიჭებდა, რაც შემდგომში გაუქმდა. ვიცი, რომ შეერთებული შტატები ჩვენს ბევრ ევროპელ პარტნიორთან ერთად, ღრმად იყო შეწუხებული ამგვარი კანონმდებლობის ნახვით, რომელიც გულწრფელად რომ ვთქვათ, მრავალი თვალსაზრისით ასახავდა რუსეთის კანონმდებლობას. ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით მისი წარდგენის გამო.
არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რომლებიც შემაშფოთებელია. თქვენ ახსენეთ ზოგიერთი მათგანი - სასამართლოს დამოუკიდებლობა, ასევე, მედიასთან დაკავშირებული საკითხი. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ დემოკრატია და ხელი შევუწყოთ ევროატლანტიკურ გზას, რომელიც არის ქართველი ხალხის არჩევანი. სწორედ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას და ვაპირებთ, გავაგრძელოთ დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან. ყველა ამ საკითხზე საგნობრივი საუბარი მაქვს ეუთოში, ჩემს ქართველ კოლეგასთან“, - განაცხადა კარპენტერმა მედიისთვის გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე.
ქართველი ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა „საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ გზავნილებს“ და იმას, თუ რამდენად საზიანოა ეს ევროინტეგრაციის გზაზე. ამასთან ერთად, ჟურნალისტი დაინტერესდა კარპენტერის პოზიციით ექსპრეზიდენტ სააკაშვილის და „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით.