ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პირველ მარტს ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტის შედეგები შეაჯამა და დასძინა რომ, საგარეო პოლიტიკის კუთხით ევროკავშირისგან მეტ აქტიურობას ელის.

„საკმაოდ კრიტიკული შეფასება მქონდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართ, შეხვედრებზე ჩემი პოზიცია იყო ასეთი: თუ ევროკავშირს აქვს პრეტენზია, რომ ჰქონდეს საგარეო პოლიტიკა, არ შეიძლება, რომ უფრო აქტიურად არ იყოს ჩართული ყველა იმ კონფლიქტში, რომელიც მის სამეზობლოშია, ძირითადად რუსთთან დაკავშირებული კონფლიქტები, უკრაინის და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. ბრიუსელში შეხვედრებზე ვთქვი, რომ საქართველო უნდა ახსენონ ყველა შეხვედრაზე რუსეთთან, რა ფორმატიც არ უნდა იყოს. არ შეიძლება მივიწყებული იყოს საქართველო და ოკუპირებული ტერიტორიები. მეზობელ ქვეყნებს შორის ბოლო კონფლიქტთან დაკავშირებითაც დავაყოლე, რომ ევროპამ მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოს და დაიცვას თავისი ინტერესები“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე რა შედეგი და პასუხი მოჰყვა მის ამ მოწოდებებს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში შარლ მიშელი ჩამოდის, თარიღი უკვე დადასტურებულია და ლოგიკური და სავარაუდოა, რომ ევროპელი სტუმარი სომხეთს და აზერბაიჯანსაც ეწვევა.

„პასუხი იყო, რომ ვიცით, უფრო მეტად აქტიურები და ჩართულები უნდა ვიყოთ და ამის მოლოდინიც არის შიდა წრეებში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.