ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია საქართველოს გამორჩეული მეგობარია. ყოველ წელს მათი ჩართულობით შეერთებული შტატები საქართველოსთვის არაერთ მხარდამჭერ პროგრამას ახორციელებს. ამის შესახებ ამერიკის საელჩო აცხადებს და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ამ კვირაში ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში საქართველოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს და განიხილეს კრიზისული სიტუაციების ეფექტიანი მართვა.
„ამ მიმართულებით რამდენიმე წელია, მჭირდოდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, განსაკუთრებით კი, საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორებს აუცილებელი აღჭურვილობითა და გამოცდილების გაზიარებით. ერთად უფრო ძლიერები ვართ“, - წერს ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობა.