თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს უკრაინისთვის რუსული S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გაგზავნა შესთავაზა, თუმცა ანკარამ ამ შეთავაზების მიღებაზე უარი თქვა.
მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა ასევე სთხოვა თურქეთს, სარაკეტი კომპლექსებზე კონტროლი მათთვის გადაეცათ. ჩავუშოღლუს განმარტებით, S-400 სისტემას თურქეთი უნდა გამოერიცხა F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავის პროგრამიდან.
„მოგვეცით კონტროლი S-400-ზე და ჩვენ შევამოწმებთ. მათ შემოგვთავაზეს წინადადებები, რომლებიც პირდაპირ ეხება ჩვენს სუვერენიტეტს, მაგალითად, უარი ვთქვათ კონტროლზე. სად არის ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი?" , - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
„თურქეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ თქვეს, რომ ერმა შეიძინა S-400-ები ეროვნული უსაფრთხოების მიზნით და არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ჩარევის უფლება“, - წერს Anadolu.
F-35-ის პროგრამაში დაბრუნების შესახებ კითხვასთან დაკავშირებით კი, ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარას არ სურს პროგრამაში დაბრუნება, არამედ, მას სურს, დაიბრუნოს ის თანხა, რომელიც გადაიხადა მოიერიშე თვითმფრინავებისთვის.
„ანკარა ახლა აწარმოებს საკუთარ ეროვნულ საბრძოლო თვითმფრინავს. თურქეთს ასევე სურს, გააუმჯობესოს კავშირები აშშ-სთან და ამ მიზნით შეიქმნა საჭირო მექანიზმები“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
ცნობისთვის, ანკარამ F-16-ები აშშ-სგან 2021 წლის ოქტომბერში მოითხოვა. 6 მილიარდი დოლარის გარიგება მოიცავს 40 თვითმფრინავს და თურქეთის საჰაერო ძალების მოდერნიზაციას. ჩავუშოღლუს თქმით, ეს საკითხი წინ არცთუ ისე სწრაფად მიიწევს.