მალტა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს

„მალტა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს,“ - ამის შესახებ მალტის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანჯელო ფარუჯამ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რაც საჭირო იქნება ჩვენი პარლამენტის მხრიდან, შეგვიძლია რომ განვიხილოთ და გავაძლიეროთ ძალისხმევა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში სრულ წევრობას” - აღნიშნა ფარუჯამ საქართველოს პარლამენტის ცნობით.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ანჯელო ფარუჯას საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად დღეს შეხვდა. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარებით ევროკავშირის მხრიდან, საქართველოსა და მალტას შორის კავშირების გაღრმავების საჭიროება გაჩნდა.

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ხალხთაშორის ურთიერთობების, განათლების, ზღვაოსნობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა მიმართულებებით.

„გვქონდა შინაარსობრივი საუბარი, მათ შორის,  მალტის, როგორც მოსახლეობით პატარა ქვეყნის, გამოცდილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ვფიქრობ, ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი და გასაზიარებელია ჩვენთვის. მოხარული ვარ, რომ ბევრი საერთო საკითხი გამოვნახეთ მალტელ კოლეგებთან. ჩვენ გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა მათი მხრიდან, არა მხოლოდ საქართველოს წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ საქართველოს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მხრივ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.