ერთპროცენტიანი, გაკოტრებული და ანტიეროვნული ძალები ქვეყანაში ვერაფერს მოაწყობენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ზურა ჯაფარიძე არის ერთპროცენტიანი პარტიის ლიდერი. რამდენად დიდ უტოპიაშია ეს ადამიანი და როგორ წამლავს საზოგადოებას, თავის ახალგაზრდებს, მის მიერ შემოკრებილ თავისი იდეების, აზრების გამზიარებლებს, ეს ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, შეიძლება მის ამ განცხადებას სისულელე და არასერიოზული ვუწოდოთ, ვინაიდან ეს ერთპროცენტიანი, ხელმოცარული, გაკოტრებული, ანტიეროვნული ძალები ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს მოაწყობენ. ჩვენი ხალხი ბრძენია, ძალიან კარგად ხედავს რაც ხდება. ჩვენ მთავარი შევინარჩუნეთ მშვიდობა და არა მხოლოდ შევინარჩუნეთ, ქვეყანა გადავარჩინეთ.
აი, ეს ნეოფაშისტები და ასეთი ულტრარადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ დღეს აქ მშვიდად გამოვიდოდით? ქვეყანა აღარ გვექნებოდა, მეგობრებო! ესენი ქვეყანას მეორე პოლიგონად გადააქცევდნენ. ეს იყო მიზანი. ბატონი მეკითხებოდა, არახამიას უნდოდაო? არახამიას კი არა, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი საჯაროდ გამოვიდა და თქვა, რომ მათ უნდოდათ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა. თქვენ ქართველები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ხომ ხართ, ამაზე რატომ არ შეგტკივათ გული? ვიღაცას, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ჩვენს ქვეყანაში უნდოდა „მეორე ფრონტის“ გახსნა, ჩვენი ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა, რაც უკრაინაში ხდება. თქვენ ამაზე პროტესტიც, რეაქციაც კი არ გაქვთ, პოზიციას არ გამოხატავთ“, - მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს.