არასოდეს მითქვამს, რომ მე მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი ვარ. მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლას უკავშირდებოდა.
„მე ვთქვი მთავარი და თქვენ თუ დაიზეპირეთ ჩემი გამოსვლა, შეგიძლიათ, ეს ფაქტები მოუყვეთ ჩვენს საზოგადოებას. ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ უმცირესობაზე ძალადობას და ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას, მათ აგრესიულ პროპაგანდას, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე. ეს უფლებები არის გარანტირებული კონსტიტუციით. მეტიც, ჩვენ კანონით გავამყარეთ ეს ყველაფერი და არც ერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება ქვეყანაში.
ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით 90 პროცენტი იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ, ყველანი დღემდე მოვედით. ეს არის ქრისტიანული ფასეულობები, ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები. ამაზე მაქვს საუბარი. გისვამთ კითხვას, თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყანაში? იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით. ეს არის პროპაგანდა, რომელიც მომწამვლელია ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში აღარ ვსაუბრობ. თქვენ შეგიძლიათ, ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძიოთ ამის თაობაზე. ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.