ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მოსახლეობას ევროპის დღე ქართულ ენაზე მიულოცა. დღეს, 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომ ეს არის, თარიღი, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.
დღეს თბილისში ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება „მშვიდობის ხიდი“ და სატელევიზიო ანძაც, ასევე, ბათუმის საფეხბურთო სტადიონი. ევროკავშირის წარმომადგენლობამ 6 მაისს გამართა ევროპის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება თბილისში. სახალხო დღესასწაულს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 10 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. მოქალაქეებს შეეძლოთ, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ, სახალისო და ინტერაქტიულ აქტივობებში ჩართულიყვნენ, დისკუსიებში მიეღოთ მონაწილეობა და ერთმანეთისთვის ევროპული გამოცდილება და შესაძლებლობები გაეზიარებინათ.
„ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა! შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია, იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ვუსურვებ საქართველოს წარმატებას ამ გზაზე! გილოცავთ ევროპის დღეს!“, - განაცხადა ელჩმა.
ევროპის დღის აღნიშვნას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ამ დღისადმი მიძღვნილ ვიდეოში ელჩები თავიანთ მშობლიურ ენაზე აღწერენ, რას ნიშნავს მათთვის ევროპა.
დღეს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება, სადაც მაყურებლის წინაშე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარსდგება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გახსნიან. მიღებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სახელოვნებო სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.