ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, ღირსება, ადამიანის უფლებების დაცვა, ჰუმანიზმი, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მინდა, ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს, ამ ძვირფას ადამიანებს. მათმა თავდადებამ და ბრძოლამ მოგვიტანა მშვიდობა და წერტილი დაუსვა კაცობრიობის უდიდეს ბოროტებას – ფაშიზმს. ვუსურვებ ჩვენს ვეტერანებს ჯანმრთელობას და მხნეობას!
აქვე, ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის წინაშე, რომელთა ნაწილი დღემდე უცნობ ჯარისკაცად დარჩა. ჩვენი ვალია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს. დღეს ასევე აღინიშნება ევროპის დღე. საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომლებიც ევროპულ ოჯახში თანასწორი, დემოკრატიული, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველია“, – წერს კალაძე.
დღეს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება, სადაც მაყურებლის წინაშე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარსდგება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გახსნიან. მიღებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სახელოვნებო სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.