სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში კოსოვოს შესახებ კენჭისყრის შემდეგ, მისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრები მომავალში, საქართველო, აზერბაიჯანი, კვიპროსი, უნგრეთი, რუმინეთი და ესპანეთი იქნებიან.
მანამდე ბელგრადმა მოითხოვა ცვლილებები ევროპის საბჭოს რეზოლუციაში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. კერძოდ, სერბეთი ითხოვს, რომ რეზოლუციის ტექსტს დაემატოს სიტყვები - „და ევროპის საბჭოს ყველა სხვა წევრი სახელმწიფო“.
„ისინი ამბობენ, რომ იცავენ მოლდოვას, საქართველოს მთლიანობას და ჩვენ დავამატეთ ცვლილება ევროპის საბჭოს ყველა სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ. თუ არ დამთანხმდებიან, რეიკიავიკში არ წავალ სამიტზე. ცხადია, პრინციპები არ არსებობს. პირდაპირ ვეუბნები მათ, რომ ჩვენ მოგვატყუეს“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გასულ თვეში ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კოსოვოს წევრობის განაცხადის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს საქართველომ, აზერბაიჯანმა, კვიპროსმა, რუმინეთმა და ესპანეთმა. მას ეწინააღმდეგებოდა უნგრეთიაც, რომელმაც ოფიციალურად ცნო კოსოვო. უკრაინამ, ისევე როგორც, ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ, კენჭისყრაში თავი შეიკავეს.
ევროპის საბჭოს ისტორიაში მე-4 სამიტი 16-17 მაისს რეიკიავიკში გაიმართება. მანამდე ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირმა განაცხადა, რომ სამიტის მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება.