10 - 12 მაისს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დელეგაცია საქართველოს ეწვევა. გერმანიის საელჩოს ცნობით, დელეგაციაში იქნებიან კრისტიანე ლაიბახი (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი), მონიკა ბეკი (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის შვილობილი კომპანიის DEG-ის დირექტორთა საბჭოს წევრი), ვერენა კიოტკერი (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის კორპორატიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი), ვერონიკა გარსია დელ არკო (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი). დელეგაციის წევრები ასევე არიან სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად გააშუქებენ ამ ვიზიტს საქართველოში.
„გერმანიის მთავრობის დავალებით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოში 1993 წლიდან არის აქტიური და კარგი რეპუტაციით სარგებლობს.
სტუმრობის მიზანია იმ პროექტების დათვალიერება, რომლებსაც საქართველოში გერმანიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი ახორციელებს, ისევე როგორც ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები ქართველ პარტნიორებთან.
ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ელჩთან ერთად დაგეგმილია შეხვედრები სსე - ში (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა), სადაც სტუმრები დაათვალიერებენ ენერგოქსელების ცენტრალურ სამართავ სისტემას და იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა ენერგოდამოუკიდებლობა, განახლებადი ენერგიები და ქართული ელექტრო სექტორის როლი ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში.
გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლებს. საუბარი გაიმართება რეგიონში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ბიომრავალფეროვნების კუთხით.
პროგრამაში ჩანიშნულია შეხვედრა თბილისის მერის მოადგილესთან. საუბრის თემა იქნება ურბანული მობილობა. დელეგაცეების წევრები გაეცნობიან ქალაქის საგზაო საკომუნიკაციო ქსელის გეგმასა და საგზაო მიმოსვლის ამჟამინდელ მდგომარეობას.
სტუმრები ასევე ეწვევიან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს“, - იუწყება გერმანიის საელჩო.