ევროპა არის მშვიდობა, რაც არ უნდა ვიღაცები საუბრობდნენ გაუგებარ მეორე ფრონტებზე - ზურაბიშვილი

„ყველა უნდა ვაუძულოთ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ, ჩემი იმედია, რომ ჩვენ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ის ყველაფერი, რისთვისაც, ჩვენ ზოგჯერ ევროპაში მივდივართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპასა და საქართველოს ბევრი აქვს საერთო.

„ჩვენი ქვეყანა არანაკლებია და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები, აქ გვაქვს გამოხატულება იმ შავი ზღვის, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ და რომელიც დღეს უკვე და ხვალ, იქნება გამაერთიანებელი საქართველოსი და ევროპის.

ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა საბჭოთა პერიოდის დროს, ეს იყო კედელი, დღეს უკვე არის ხიდი, რომელსაც შეუძლია, ბევრი რამ მოუტანოს არამარტო საქართველოს, არამედ, ევროპას. კარგად ესმით ჩვენი სტრატეგიული ადგილი, სამომავლო როლი. თუ ჩვენ შევძლებთ, ვიყო იქ, სადაც საჭიროა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

მისივე თქმით, ევროპა არის მშვიდობა.

„ეს არის ერთადერთი გაერთიანება ქვეყნების, რომელმაც შეუნარჩუნა თავიანთი იდენტობა სრულად და შეუნარჩაუნა მშვიდობა. ევროპა არცერთ ქვეყანას არ დასხმია თავს. ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ვიღაცები საუბრობდნენ რაღაც, გაუგებარ მეორე ფრონტებზე. ჩვენი თავისუფალი, მშვიდობიანი მომავალ არის მათთან  ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი განვითარებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.