17 მაისს საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ქაშვეთის ტაძრიდან სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება. მანამდე კი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ქაშვეთის ტაძარში „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს".
„2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე.
პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.
მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად! ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.