ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის პირველი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 61 ფაქტი გამოავლინეს.

მათგან 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 24 ფაქტი იმერეთში, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლინდა. კახეთში დაფიქსირდა 14 სამართალდარღვევა, მცხეთა-მთიანეთში - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, ქვემო ქართლში - 4, გურიაში - 2, შიდა ქართლში - 1, სამცხე-ჯავახეთშიც - 1. ასევე, 1 ფაქტია გამოვლენილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

„ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზჭერის 6 და ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 51 ფაქტი აღკვეთეს.

ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები ინტენსიურად გეგმავენ პრევენციულ ღონისძიებებსაც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში, ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის აპრილში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 2800 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. ბადეები ამოღებულია ბაზალეთის ტბიდან, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებიდან, საწირის და ჯაპანის ტბებიდან. პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ასევე, ამოღებულია 22 ერთეული თევზმახე „გოდორი“ და 4 ერთეული ე.წ. ოჩხი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, დეპარტამენტის თანამშომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 1-ლი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს, ხოლო, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.